ნატახტარის ლიმონათის ექსპორტის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე მოდის

27.04.16

Image

ბოლო პერიოდში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და დივერსიფიკაციაში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. გაზრდილია იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც ქვეყნიდან საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში გადის.

წლებია, ექსპორტში ქართულ ღვინოსა თუ მინერალურ წყლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ბოლო დროს კი სასმელების ჩამონათვალში ქართული ლიმონათიც აქტიურად ფიგურირებს. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლამდე სასმელების ექსპორტი სტაბილურად მზარდი იყო. გასულ წელს კი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში 2013 წელს მინერალური წყლებისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ექსპორტისგან დაახლოებით 17 მილონი დოლარი შემოვიდა. 2014-ში აღნიშნული მონაცემი 28 მილიონი დოლარი იყო, 2015-ში კი მონაცემი მკვეთრად შემცირდა და ის 18 მილიონს დოლარს გაუტოლდა.

2016 წელს საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდის ხარჯზე ექსპორტის მოცულობა ტრადიციულად გაიზრდება. 2015 წელს ,,ნატახტარის” ლიმონათი 24 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე, მათ შორისაა: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, კვიპროსი, გერმანია, აშშ, ლატვია და საბერძნეთი.